English / ქართული / русский /
სიმონ გელაშვილიგიორგი მიქელაძე
ინვესტიციების ეკონომეტრიკულ-სტატისტიკური მოდელები და მათი ემპირიული რეალიზაციის შესაძლებლობები საქართველოში

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია ინვესტიციების ხუთი განსხვავებული მოდელის საწყისი და მოდიფიცირებული სახეები (ინვესტიციების მარტივი და მოქნილი აქსელერატორის მოდელები, ინვესტიციების ავტორეგრესიული მოდელი, ინვესტიციების ფულადი ნაკადების მოდელი, ტობინის q მოდელი, ინვესტიციების ნეოკლასიკური მოდელი) და შეფასებულია თითოეული მათგანის დადებითი მხარეები და ნაკლოვანებები. ამასთან, კრიტიკულადაა განხილული აშშ-ეკონომიკის მაგალითზე ჩატარებული რ. კოპკეს კვლევის შედეგები და მათი გამოყენების შესაძლებლობები საქართველოში. ნაშრომში მოცემულია საქართველოს ეკონომიკის მაგალითზე ჩასატარებელი კვლევის მოსალოდნელი პრობლემები და მათი გადაჭრის ალტერნატიული მეთოდები.

საკვანძოსიტყვები:ინვესტიციები, ეკონომეტრიკულიმოდელი, ავტოკორელაცია, ავტორეგრესია, რეგრესორი.     

შესავალი

ნაშრომის ძირითად მიზანს წარმოადგენს ინვესტიციების თეორიული მოდელების განხილვა, აშშ-ს ეკონომიკაზე ჩატარებული მსგავსი კვლევის შედეგების ანალიზი და საქართველოს მაგალითზე მათი გამოყენების შესაძლებლობისა და ადეკვატურობის დადგენა.

კვლევის ამოცანაa  შემოწმდეს, შესაძლებელია თუ არა ინვესტიციების მოდელირება თეორიულად პოსტულირებული ცნობილი მიდგომებით და არსებობს თუ არა სპეციფიკური ფაქტორები, რომლებიც გვევლინება განსხვავებული შედეგების მიზეზად. ინვესტიციების ეკონომეტრიკულ-სტატისტიკურ შესწავლას ორი ძირითადი მიზეზი განაპირობებს:

1) მას მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ერთობლივ დანახარჯებში და გვევლინება ეკონომიკური ზრდისთვის საჭირო კაპიტალის შექმნის წყაროდ;

2) იგი არის ერთობლივი დანახარჯების ყველაზე არამდგრადი ნაწილი.

ინვესტიციების მრავალი მოდელი და კლასიფიკაცია არსებობს, რაც გამოწვეულია ქვეყნების ეკონომიკის განსხვავებით თუ მკვლევართა შეხედულებებით მოდელში შესატან  ფაქტორულ ცვლადებთან დაკავშირებით [Andrew A., … 1986: 252].  

 ***

საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს მწყობრი თეორია და მეთოდოლოგია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ზუსტად განსაზღვრავს ინვესტიციებზე მოქმედ ეკონომიკურ ფაქტორებსა თუ ადეკვატურ სტატისტიკურ მოდელებს. აღნიშნული საკითხის ძირეულად შესასწავლად, უპირველესად, სასურველია განვიხილოთ სხვა ქვეყნის (კერძოდ, აშშ-ს) მაგალითზე ჩატარებული ანალოგიური კვლევების შედეგები, შესაძლო პრობლემები და მათი გადაჭრის ალტერნატიული გზები, რომლებიც წარმოიშვება კვლევის პროცესში.

ამერიკელმა მეცნიერმა რიჩარდ კოპკემ აშშ-ს ეკონომიკის მაგალითზე ემპირიულად შეამოწმა ინვესტიციების ხუთი მოდელი: ინვესტიციების აქსელერატორის, ავტორეგრესიული, ტობინის  q, ფულადი ნაკადების და ნეოკლასიკური მოდელი  [Kopcke R., 1982: 27]. ამ მოდელების ზოგადი ფორმალიზებული სქემა ასეთია:

მოდელის სახელწოდება

მოდელის შესაფასებელი ფორმალიზებული სახე

ინვესტიციების აქსელერატორის მოდელი

 

ინვესტიციების ავტორეგრესიული მოდელი

 

ინვესტიციების ფულადი ნაკადების მოდელი

 

ინვესტიციების ტობინის მოდელი

 

ინვესტიციების ნეოკლასიკური მოდელი

 

სქემა 1. ინვესტიციების მოდელების კლასიფიკაცია [БерндтЭ., 2005:271]

ინვესტიციების აქსელერატორის მოდელის ემპირიული რეალიზაცია

 რ. კოპკემ ჩაატარა პრაქტიკული კვლევები და გაიანგარიშა სხვადასხვა სტატისტიკური მაჩვენებებლები, რითაც მან შეაფასა როგორც აქსელერატორის, ასევე ინვესტიციების სხვა მოდელები [Kopcke R., 1985: 23]. კვლევისას გამოიყენა აშშ-ს არასაცხოვრებელი ფართებისა და გრძელვადიანი მოხმარების საწარმოო საშუალებების კვარტალური სტატისტიკური მონაცემები. მან კვლევა სამ ეტაპად ჩაატარა: 1) 1954-1977 წწ.; 2) 1958-1973 წწ.; 3) 1956-1979 წლები. კვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე, თითოეულ კვლევაში კოპკე ითვალისწინებდა ნარჩენების ავტოკორელაციის გამოთვლის სხვადასხვა მეთოდს. კვლევის მე-2 და მე-3 ეტაპებზე კოეფიციენტების შესაფასებლად მან გამოიყენა ალმონის მე-3 რიგის პოლინომი, სადაც კოეფიციენტებს არ ჰქონდა  შეზღუდვები.

რ. კოპკემ კვლევის შედეგად დაადგინა შემდეგი:

პირველი: კოეფიციენტების განაწილების ლაგის სიგრძე დამოკიდებულია განხილული პერიოდის სიგრძეზე. პირველ კვლევაში ლაგის სიგრძე იყო ყველაზე მცირე ზომის (m = 5), ხოლო ბოლო კვლევაში ყველაზე გრძელი (m = 12). აღსანიშნავია, რომ კოეფიციენტები აღჭურვილობაზე შედარებით მაღალია, ვიდრე შენობებზე. მიღებული შედეგი ლოგიკურია, რადგან აღჭურვილობაზე ინვესტიციების ლაგი შედარებით მოკლეა, ვიდრე შენობა-ნაგებობებზე. ბოლო ორ კვლევაში ლაგის კოეფიციენტებს კლების ტენდენცია ახასიათებს დროის ტაქტის ზრდასთან მიმართებაში. როდესაც პირველ კვლევაში კოეფიციენტები კლებულობს, შემდეგ იზრდება და ბოლოს კვლავ კლებულობს, საბოლოოდ ტენდენცია იღებს ინგლისური ასო-ბგერა „S“-ის ამოტრიალებულ ფორმას.

მეორე: კვლევის მე-3 ეტაპზე ძირითადი ფონდების ინვესტიციების კოეფიციენტების ლაგირებული მნიშვნელობა არის უარყოფითი ორივე სახის ფორმისათვის, რაც ნიშნავს ერთპერიოდიან გამოსახულებიდან δ<g  მკვლევარი აღნიშნავს, რომ მან ცვეთის ნორმების მნიშვნელობებად შენობებზე 5%, ხოლო აღჭურვილობაზე 15% გაითვალისწინა.

მესამე: ავტოკორელაცია ნარჩენობით წევრებში იყო მაღალი: ρ მერყეობდა 0,91-დან 0,997-მდე. პირველი რიგის ავტოკორელაცია გავრცელებულია ინვესტიციების თითქმის ყველა მოდელში.

 ავტორეგრესიული ინვესტიციური მოდელის ემპირიული რეალიზაცია

ავტორეგრესიული ინვესტიციების ემპირიული რეალიზაციისას მკვლევარებს - ზელნერს და პალმს მოდელის შემოწმებისას არასწორად მიაჩნდათ ინვესტიციების მოდელის, როგორც ავტორეგრესიული (AR), ასევე მცურავი საშუალოს (MA) სპეციფიკაცია. ინვესტიციების მოდელის MA სპეციფიკაცია არის მიმზიდველი, ვინაიდან იგი დაფუძნებულია მოლოდინებზე, რომლებიც შესაძლებელია იყოს როგორც ადაპტური, ასევე რაციონალური [Берндт Э., 2005: 312].

აღნიშნული მოდელის ემპირიული რეალიზაცია რიჩარდ კოპკემ მოახდინა კვლევის სამ ეტაპად აშშ-ს მაგალითზე. დამოკიდებული ცვლადის როლში მკვლევარმა განიხილა It/Kt-1.[Kopcke R., 1985: 24]. კვლევის სამივე ეტაპზე კოპკე იყენებდა უმცირეს კვადრატთა მეთოდს.

რ. კოპკეს კვლევის განსაკუთრებულ შედეგს წარმოადგენს აღნიშნული სპეციფიკაციის მოდელის მიხედვით მიღებული მაღალი არასაიმედო შედეგები როგორც აღჭურვილობის, ასევე შეიარაღების ჭრილში. კოპკეს პირველ კვლევაში აღჭურვილობის ლაგების რიგი იყო 1, მეორეში - 3, ხოლო მესამეში - 8. შეიარაღების ლაგების რიგი კი იყო, შესაბამისად, 1, 2 და 6. კოპკეს კვლევის კრიტიკოსები მიღებულ შედეგს ხსნიან წინა საუკუნის 70-იან წლებში დიდი ეკონომიკური ვარდნებით, რადგან შეუძლებელი იყო ეკონომიკური ვარდნების ზუსტად გათვალისწინება მოდელში და სწორედ ეს იყო მიღებული შედეგის ძირითადი მიზეზი.

ინვესტიციების ფულადი ნაკადების მოდელის ემპირიული რეალიზაცია

რიჩარდ კოპკემ 1982 წელს ემპირიულად შეამოწმა  ფულადი ნაკადების მოდელი, სადაც It/Kt-1 არის დამოკიდებული ცვლადი [Kopcke R., 1982: 28]. მკვლევარი კვლევის ეტაპებზე იყენებდა ლაგის სხვადასხვა სიგრძეს აქტივების სპეციფიკიდან გამომდინარე. კვლევის პირველ ეტაპზე მეცნიერი მივიდა დასკვნამდე, რომ ფულადი ნაკადები არ ახდენდა არსებით გავლენას აღჭურვილობასა და შეიარაღებაზე. კვლევის მეორე ეპატზე მან მიიღო მნიშვნელოვანი დასკვნა, რომ ფულადი ნაკადები შედარებით დიდ გავლენას ახდენს შენობა-ნაგებობებზე, ვიდრე აღჭურვილობაზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კვლევის პირველ ეტაპზე, სადაც ჩართული ფაქტორების ლაგების სიგრძე შედარებით მაღალი კოეფიციენტების კლება-ზრდის ტენდენციების განმეორებადობა ქმნიდა ხერხისებურ ფორმას. კვლევის მეორე ეტაპზე კოეფიციენტებს ჰქონდა  შემცირების ტენდენცია.

რ. კოპკეს მიერ ფულადი ნაკადების მოდელის შეფასებისას bk=(δ-g) მნიშვნელობა სტატისტიკურად ნულთან ახლოსაა. კაპიტალის ლაგირებული მნიშვნელობა მოდელში არ არის მნიშვნელოვანი და მეცნიერმა კვლევის შემდეგ ეტაპზე ეს ცვლადი უგულებელყო.

მოდელის შეფასებისას პირველ ეტაპზე  ρ-ს მნიშვნელობები მერყეობს 0,81 - 0,83 შუალედში, ხოლო მეორე ეტაპზე კი 0,936 - 0,956 ინტერვალში.

ინვესტიციების ტობინის მოდელის ემპირიული რეალიზაცია

ინვესტიციების ტობინის q მოდელი ასევე ემპირიულად შეამოწმა რ. კოპკემ. დროის ფაქტორის მიხედვით მან კვლევა სამ ეტაპად ჩაატარა: I ეტაპზე მან Kt-j−ის მაგივრად გამოიყენა (F/p)t-j, რომელიც მოდელში ასახავდა კომპანიის ფულადი ნაკადების მოძრაობას. კვლევის II ეტაპზე რ. კოპკემ მოდელის ორივე მხარე Kt-1)-ზე გაყო და ისე შეაფასა, ხოლო III ეტაპზე რეგრესორის როლში  მან განიხილა (It/Ot), სადაც Ot არის კომპანიის საწარმოო სიმძლავრეების გამოყენების დონე [Kopcke R., 1985: 30]. მეცნიერმა თავის კვლევებში მიიღო პირველი რიგის ავტორეგრესიული პროცესი. ამასთან, კვლევის II და III ეტაპზე რ. კოპკე იყენებდა ალმონის განაწილების ლაგის მე-3 რიგის პოლინომს, ხოლო I-ზე – მეოთხე რიგისას. მკვლევარმა კაპიტალი გაყო ორ ნაწილად: შენობა-ნაგებობებად და აღჭურვილობად, რის მიხედვითაც მან ააგო მოდელი. აღნიშნული კვლევის შედეგად მეცნიერმა მიიღო საინტერესო შედეგი, კერძოდ: q არ წარმოადგენდა სპეციფიკურ ცვლადს ცალ-ცალკე შენობა-ნაგებობებისა და აღჭურვილობებისთვის, არამედ იგი ასახავდა მათ კომბინაციას. 

ემპირიული რეალიზაციისას ინვესტიციების ტობინის q მოდელში შეინიშნება ნარჩენების სერიული ავტოკორელაცია და ρ-ს მნიშვნელობები მერყეობს შენობა-ნაგებობებისთვის 0,82-დან 1-მდე, ხოლო აღჭურვილობებისთვის კი 0,82-დან 0,994-მდე.

ტობინის q მოდელიც, სხვა მოდელების მსგავსად, ითვალისწინებს მოლოდინებს, რაც მის მიმზიდველ (დადებით) თვისებას წარმოადგენს. თუმცა არ არსებობს თეორია, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ მოდელის ერთმნიშვნელოვნად ზუსტად განსაზღვრული ფორმა და ლაგების სიგრძე. კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, ყოველი მკვლევარი მას  ინდივიდუალურად აფასებს.

ტობინის q მოდელი თეორიულად მეტად მიმზიდველია, თუმცა პრაქტიკაში თავს იჩენს მრავალი პრობლემა, როგორიცაა, მაგალითად, q-ს ზღვრული მნიშვნელობის გამოთვლა, არამატერიალური აქტივებისა და საგადასახადო ფაქტორის გაუთვალისწინებლობა, რომლებიც ფირმის ღირებულებაზე ახდენენ გავლენას. მოდელში შეინიშნება ასევე ნარჩენობითი წევრების მაღალი სერიული კორელაცია. გარდა ამისა, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ტენდენცია ნაკლებად ასახულია q-ს ცვლილებაში და მოდელის გამოყენება პროგნოზების ასაგებად შეუძლებელი, ვინაიდან ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამომავლო განვითარების განჭვრეტა მეტად რთულია, განსაკუთრებით გრძელვადიანი პერიოდისათვის. 

ინვესტიციების ნეოკლასიკური მოდელის ემპირიული რეალიზაცია

რ. კოპკემ ინვესტიციების ნეოკლასიკური მოდელი შეაფასა შემდეგი ფორმით [Kopcke R., 1977: 15].:

 

კვლევის ძირითად დაშვებას წარმოადგენდა კობი-დუგლასის ფუნქციის მასშტაბის მუდმივი უკუგება. მკვლევარმა თავის კვლევაში შეაფასა 26 პარამეტრი, საიდანაც 13 იყო Cj, და ასევე bj-ს რაოდენობაც იყო 13. კოეფიციენტების შეფასებისას მან გამოიყენა ლაგური წევრების კოეფიციენტების განაწილების /-ტიპი.

რ. კოპკეს კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შეფასებული პარამეტრები გამოირჩეოდა სტატისტიკური სტაბილურობით. ამასთან ნეოკლასიკურ ინვესტიციების მოდელშიც, სხვა მოდელების მსგავსად, ადგილი აქვს ნარჩენობითი წევრის ავტოკორელაციას. მოდელის სპეციფიკაცია არ წარმოადგენს მკაცრად განსაზღვრულს და იგი შეიძლება იყოს განსხვავებული კვლევის მიზნებიდან გამომდინარე. ასევე, პრობლემატურია მოდელში ჩართული ყველა პარამეტრის განსაზღვრაც.

საქართველოს ეკონომიკის მაგალითზე ჩასატარებელი კვლევის პრობლემები და მათი გადაჭრისმ ეთოდები

    საქართველოს ეკონომიკის მაგალითზე ინვესტიციების ამა თუ იმ მოდელის ემპირიული რეალიზაციისას წარმოიშვება რიგი პრობლემები, როგორიცაა: 1) ინვესტიციების მოდელში ფაქტორული ცვლადების ლაგების რიცხვის განსაზღვრა; 2) დიდი რაოდენობის ფაქტორული ცვლადების არსებობის შემთხვევაში რეგრესიულ განტოლებაში მულტიკოლინეარობის პრობლემა; 3) ცვლადების შესახებ ემპირიული ინფორმაციის არარსებობა; 4) რეგრესიულ განტოლებაში ფაქტორულ და შედეგობრივ ცვლადებს შორის ფუნქციური დამოკიდებულების განსაზღვრა (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკაში უმეტესად ადგილი აქვს კორელაციურ კავშირებს და ფუნქციური და კორელაციური კავშირების მკაცრი განცალკევება ხორციელდება მხოლოდ მათი მათემატიკური ინტერპრეტაციის დროს [გელაშვილი ს. 2017: 187]); 5) დიდი რაოდენობის ლაგების შემთხვევაში მოდელში ფაქტორული ცვლადების კოეფიციენტების შეფასება; 6) მოდელის განტოლების შეფასების მეთოდის შერჩევა. თითოეული ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია განსხვავებული მეთოდებით.

ინვესტიციების მოდელში ფაქტორი ცვლადების ლაგების რიცხვის განსაზღვრა. ინვესტიციების ემპირიულ მოდელში ფაქტორული ცვლადების ლაგების რიცხვის განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს რამდენიმე მეთოდით (როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი, ან ორივე მათგანის კომბინაციით): პირველი, ემპირიულ მოდელში პერიოდულად მოხდეს ლაგების რიცხვის ზრდა და ოპტიმალურ მოდელად შეირჩეს საუკეთესო სტატისტიკური მახასიათებლების მქონე განტოლება; მეორე, შესაბამისი დარგის კვალიფიციური ექსპერტების მიერ განისაზღვროს ფაქტორული ცვლადების ლაგების რიცხვი; მესამე, ეკონომიკური თეორიისა და სტატისტიკური მეთოდებით განისაზღვროს თითოეული ეკონომიკური ინდიკატორის გავლენის ხარისხი საშედეგო ცვლადზე.

დიდი რაოდენობის ფაქტორული ცვლადების არსებობის შემთხვევაში რეგრესიულ განტოლებაში მულტიკოლინეარობის პრობლემა. მოდელში მულტიკოლინეარობის პრობლემის გადაჭრის გზა დაიყვანება ორ ალტერნატივაზე: პირველი, განტოლებიდან ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორების გამორიცხვით, ან მეორე, მოდელში დასაშვები მულტიკოლინეარობის დატოვებით.

ემპირიული ინფორმაციის არარსებობა. საქართველოში მრავალ ეკონომიკურ ინდიკატორზე ჯერ კიდევ არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაცია, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით. ამ პრობლემის დასაძლევად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ემპირიული ინფორმაციის არმქონე ფაქტორული ცვლადების ჩამნაცვლებელი ცვლადები. ასევე, პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ მეთოდს წარმოადგენს არარსებული ცვლადის შესახებ ინფორმაციის გამოთვლა სხვა განტოლებით ან სხვა მეთოდით. ასევე, შესაძლებელია ეკონომიკურად მსგავსი ქვეყნის შესაბამისი ცვლადის ემპირიული ინფორმაციის კორექტირება საქართველოს ეკონომიკის თავისებურებების გათვალისწინებით, ე. წ. ანალოგიის მეთოდით [გელაშვილი ს. 2017: 55].

რეგრესიულ განტოლებაში ფაქტორულ  დაშედეგობრივ ცვლადებს შორის ფუნქციური დამოკიდებულების განსაზღვრა. შედეგობრივ და ფაქტორულ ცვლადებს შორის ფუნქციური დამოკიდებულების შინაარსი, ხშირ შემთხვევაში, განსაზღვრულია ეკონომიკური თეორიით. ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ეკონომეტრიკული ცდები, სადაც შემოწმდება სხვადასხვა ფუნქციური სახე და უპირატესობა მიენიჭება სტატისტიკურად უკეთესი მახასიათებლის მქონე მოდელს [Winfrey R., 1985: 19].

დიდი რაოდენობის ლაგების შემთხვევაში მოდელში ფაქტორული ცვლადების კოეფიციენტების შეფასება. ასეთ დროს კოეფიციენტების შეფასება შესაძლებელია: 1) ლაგური წევრების კოეფიციენტების განაწილების  /-ტიპი, რომელიც შემოგვთავაზა ფ. დე ლიუვმა 1962 წელს. აღნიშნულის მიხედვით, კოეფიციენტები, დაწყებული-დან m/2 წევრამდე იზრდება და აღწევს პიკს, ხოლო შემდეგ კლებულობს და ბოლო წევრის კოეფიციენტი ხდება 0. 2) ევანსის მიერ შემოთავაზებულ იქნა M ტიპის ორმაგი ლაგობრივი სპეციფიკაცია, რომელიც შინაარსით ახლოს დგას ფ. დე ლიუვის სპეციფიკაციასთან. 3) კოეფიციენტების ლაგური პოლინომის წინასწარი შეფასებით, რომელსაც აფასებენ ანალიტიკოსები. აღნიშნული ხერხი ცნობილია „ალმონის ლაგის“ სახელით.

მოდელის განტოლების შეფასების მეთოდის შერჩევა. იმ შემთხვევაში, თუ შესაფასებელ მოდელში ეკონომიკურ ცვლადებს გააჩნია შემთხვევითი წევრები, მაშინ სტატისტიკურად არ არის მართებული მათი გაერთიანება ერთ ნარჩენობით წევრად და მოდელის შეფასებისას   უმცირეს კვადრატთა მეთოდის გამოყენება. ემპირიული მოდელის აგებისას, თუ გაერთიანდება შემთხვევითი წევრები, მაშინ მოდელი  უნდა შეფასდეს უმცირეს კვადრატთა მეთოდისგან განსხვავებული მეთოდით.

 დასკვნა

აშშ-ს მაგალითზე ემპირიულად შემოწმებული ინვესტიციების მოდელების ანალიზით  დგინდება, რომ თითქმის ყველა მოდელის ნარჩენობით წევრებში შეინიშნება ავტოკორელაცია. აღნიშნული შედეგი მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკის მაგალითზე ჩასატარებელ კვლევაში შეიძლება წარმოიშვას მოდელის შეფასების პრობლემა, რადგან უმცირეს კვადრატთა მეთოდის საფუძველზე მიღებული შედეგები არ იქნება კორექტული.

ინვესტიციების ცნობილი თეორიული მოდელებით აშშ-ს მაგალითზე ჩატარებული ემპირიული კვლევიდან ასევე დგინდება, რომ ინვესტიციების ავტორეგრესიული მოდელის გამოყენება სტატისტიკურად მართებული არ არის. ამასთან, აშშ-ს ეკონომიკას ყველაზე კარგად (ადეკვატურად) ინვესტიციების ნეოკლასიკური მოდელი ასახავს.

საქართველოს ეკონომიკის მაგალითზე ჩასატარებელი კვლევის თითოეულ ეტაპზე მკვლევარმა უნდა შეარჩიოს ზემოთ აღნიშნული თითოეული პრობლემის ოპტიმალური გადაჭრის გზა.

სასურველია, რომ კვლევის შემდგომ ეტაპზე ემპირიულად შემოწმდეს ინვესტიციების ცნობილი თეორიული მოდელების ვერიფიკაცია საქართველოს ეკონომიკის მაგალითზე. ამასთან, მხედველობაში მისაღებია ის, რომ ყოველი ქვეყნის ეკონომიკა ხასიათდება განსაზღვრული თავისებურებებით, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს კვლევებში და სასურველია შეიქმნას ადეკვატური თეორიული მოდელები, რომლებიც აუცილებლად უნდა შემოწმდეს ემპირიული მონაცემებითა და სათანადო გაანგარიშებებით.

გამოყენებულილიტერატურა

  1. გელაშვილი ს. 2017. სტატისტიკურიპროგნოზირებაეკონომიკასადაბიზნესში. წიგნი I. თბ., ,,მერიდიანი“, გვ. 326.
  2. Andrew Abel, B. and Oliver Jean Blanchard. 1986. The present value of profits and cyclical movements in investment. Econometrica, 54:2 March, pp. 249-273.
  3. Берндт Эрнст, 2005. Практика зконометрики:  классика и современность. М., стр. 847.
  4. Bischoff, Charles W. 1969. Hypothesis Testing and the Demand for Capital Goods. Review of economics and statistics, 51:3, August, pp. 354-368.
  5. Kopcke, Richard W., 1977. The Behavior of Investment Spending during the Recession and Recovery. New England Economic Review, Boston. Mass.: Federal Reserve Bank of Boston. November/December, pp. 14-25.
  6. Kopcke, Richard W., 1982. Forecasting Investment Spending: The Performance of statistical Models. New England Economic Review, Boston. Mass.: Federal Reserve Bank of Boston. November/December, pp. 13-32.
  7. Kopcke, Richard W., 1985. The Determinants of Investment Spending New England Economic Review, Boston. Mass.: Federal Reserve Bank of Boston. July/August, pp. 19-35.
  8. Winfrey, Robert, 1985. Statistical Analyses of Industrial Property Retirement, Ames, Iowa:  Iowa Engineering Experiment Station, Bulletin 123, December, pp. 11-29.